ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს კიდევ რვა ქვეყანა შეუერთდა. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სანქციებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და ბოსნია-ჰერცეგოვინა შეუერთდნენ.
შეზღუდვებს ასევე შემოიღებენ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები – ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, როგორც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები.
„ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
ევროკავშირის საბჭომ 3 აგვისტოს სანქციები დააწესა ბელარუსში 38 ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუარესების გამო.