
ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე მუშაობენ.
დახმარების ახალი პაკეტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი დაადანაშაულა ომში და მას დიქტატორი უწოდა. ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნების არ ჩატარების გამო აკრიტიკებს, არადა ქვეყანაში უკვე სამი წელია საომარი მდგომარეობა მოქმედებს. ასევე იყო ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის არაერთი განცხადება უკრაინაში ასობით მილიარდი დოლარის დანახარჯებზე.
POLITICO-ს წერს, რომ თავდაპირველად პაკეტი 6-10 მილიარდ ევრომდე უნდა ყოფილიყო, თუმცა მოლაპარაკების პროცესში მოცულობა გაიზარდა და შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. გამოცემის ცნობითვე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს კოორდინაცია ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კაია კალასი უწევს. დახმარება მოიცავს საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებს, დრონებს და სხვა სახის სამხედრო ტექნიკას.
გასულ კვირაში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინის საკითხზე საუდის არაბეთში შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკებებში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.