„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს.
მისი თქმით, „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის [“ვაგნერის”] ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან”. ამავდროულად, თავად დარტყმებში პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.
„ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას გთხოვთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, საკუთარ სახლებში დარჩით. ჯარში სამართლიანობა იქნება აღდგენილი, და ამის შემდეგ კი სამართლიანობა მთელ რუსეთში…
შოიგუ ამ წამს გაიქცა როსტოვიდან, ლაჩრულად, როგორც ქალაჩუნა. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება.
ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა. 25 ათასი როგორც ტაქტიკური რეზერვი, ხოლო სტრატეგიული რეზერვი - ეს მთელი ჯარი და მთელი ქვეყანაა. ყველა, ვისაც გსურთ, შემოგვიერთდით. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ სისაძაგლეს”, - განაცხადა პრიგოჟინმა.