დუბაის რიფის (Dubai Reef) პროექტი ხელოვნური რიფის პირველი მოდულების წარდგენით გაიხსნა. პროექტი დუბაის ეკოლოგიურ მდგრადობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა ზომის 20 ათასი ხელოვნური რიფის მოდული აიგება და დუბაის წყლების 600 კვადრატულ კილომეტრ ფართობს დაფარავს. თითოეული მოდულის მოცულობა 400 000 კუბურ მეტრზე მეტი იქნება.
„დუბაის რიფის პროექტი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და დუბაის მმართველი შეიხის, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის შორსმიმავალ ხედვას ადასტურებს. რიფების ეკოსისტემები საზღვაო სიცოცხლის დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, უზრუნველყოფს სიცოცხლის უნიკალურ წყაროს. პროექტი ახალ სიცოცხლეს მოუტანს ქალაქის სანაპირო წყლებს და ხელს შეუწყობს გლობალურ კონსერვაციას. ასევე, მნიშვნელოვან გრძელვადიან გავლენას მოახდენს გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც მომავალი თაობებისთვის მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად დუბაის ვალდებულებას შეესაბამება “, - განაცხადა დუბაის პრინცმა და დუბაის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, შეიხმა ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.
პროექტის საშუალებით, ქალაქის ძირითადი პარტნიორები დუბაისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ისეთი საერთო სტრატეგიული მიზნებისა და ამბიციების მისაღწევად გაერთიანდნენ, როგორიცაა, დუბაის ეკონომიკური დღის წესრიგი (D33), UAE Green Agenda 2030 და UAE სტრატეგია კლიმატის ნეიტრალიტეტისთვის 2050 წლისთვის.
2021 წელს ხელოვნური რიფის კონცეფციის პირველი ვერსია დამტკიცდა და პროექტის საპილოტო ნაწილი გაეშვა. დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტთან (DET) თანამშრომლობით, დუბაის გარემოსა და კლიმატის ცვლილების ახალი ორგანო (DECCA) დაფუძნდა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს პროექტის წარმატებით განხორციელებაში. DECCA-ს გენერალური დირექტორი, აჰმედ მუჰამედ ბინ თანი დუბაის რიფის პროექტის აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს საამიროს როლს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. დუბაის ტურიზმის დეპარტამენტის სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პორტის ოპერატორი DP World, დუბაის სავაჭრო პალატა, დეველოპერული კომპანია Nakheel, პორტების, საბაჟო და თავისუფალი ზონის კორპორაცია, ასევე ავიახაზები Emirates.
„დუბაის რიფის პროექტი თევზისა და ზღვის სხვა ბინადრების მოზიდვასა და პოპულაციების ზრდის სტიმულირებისთვის ხელსაყრელ გარემოს უზრუნველყოფს.
2021 წელს ჩვენ რიფების წამყვან დეველოპერთან, HaejooX-თან გავერთიანდით, რათა დუბაიში ხელოვნური რიფების ეფექტურობის შესასწავლად ორწლიანი საპილოტო პროექტი განგვეხორციელებინა. კვლევაში თევზის რაოდენობისა და სახეობის დასადგენად გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები და სამგანზომილებიანი სკანირების სისტემა. მიღებულმა მონაცემებმა ცხადყო საზღვაო ფაუნის მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ზრდა“, - განაცხადა DECCA-ს გენერალურმა დირექტორმა აჰმედ მუჰამედ ბინ თანიმ.
დუბაის რიფის პროექტი სტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვაო სიცოცხლის შენარჩუნებასა და გარემოს მდგრადობაში. პროექტის მიზნები მოიცავს ბიომრავალფეროვნების გაზრდას, დუბაის სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემების დაცვას, თევზის პოპულაციის შენარჩუნებას და ეკოსისტემის მდგრადობის გაუმჯობესებას. პროექტი ასევე ახალისებს ბუნებისადმი პასუხისმგებლობიან ქცევას; ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ეკოტურიზმს, ასევე დუბაის საზღვაო მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
ოკეანის კვლევებითა და კონსერვაციით დაინტერესებულმა ცნობილმა ინვესტორმა და არაერთი ფილანთროპიული პროექტის მხარდამჭერმა რეი დალიომ დუბაის რიფის პროექტს მაღალი შეფასება მიანიჭა: „აღფრთოვანებული ვარ ამ თამამი პროექტით, რომელიც ოკეანის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ გლობალურ ცნობიერებას ამაღლებს და გარემოს აჯანსაღებს. პროექტი ასევე შექმნის გასაოცარ რეკრეაციულ პარკს. დუბაი კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის უნარს განახორციელოს ამბიციური პროექტები შეიხ ჰამდანის მჭიდრო მეთვალყურეობით. ეს შთამბეჭდავი პროექტია საოცარ ადგილას, გამოჩენილი ლიდერის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა მან.