დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
„პრემიერ-მინისტრი შოკირებულია მომხდარით, მაგრამ დამატებითი კომენტარი არ აქვს“, – განაცხადეს დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა დანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰეინიკემ.
„დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დღეს კოპენჰაგენში, კულტორვეტზე მამაკაცი დაესხა თავს და სცემა. მეტე შოკირებულია თავდასხმით. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ლამაზ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყანაა აგებული. პოლიციამ თავდასხმისთვის მამაკაცი დააკავა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, საარჩევნო კამპანიისა და ა.შ. ეს მიუღებელია. ვაჩვენოთ, რომ დანია ბევრად უკეთესია“,- წერს მაგნუს ჰეინიკე „ტვიტერზე“.