ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს კითხვა დაუსვეს ჩინეთის პოზიციაზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაჭრის შესახებ, რაზეც ჰუა ჩუნინგმა განაცხადა, რომ ჩინეთი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.
„ჩინეთი თვალს ადევნებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიტინგზე სროლის ინციდენტს. პრეზიდენტმა სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.