jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გლოვის დღეს სახელმწიფო შენობებზე ჩეხეთის დროშა დაეშვება.

„მთავრობის სხდომის დასაწყისში, წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას. ამავდროულად, მოვუწოდებთ ჩეხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ეროვნული გლოვის დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა ფიალამ.

მინისტრების გარდა, მთავრობის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი პეტრ პაველი, რომელმაც საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა  და ჩეხეთში დაბრუნდა.

პრესკონფერენციაზე პეტრ პაველმა ყველას მოუწოდა, მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ბოროტად არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზეზებისთვის და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია.

„ჩვენ უპირველეს ყოვლისა გვჭირდება ღვთისმოსაობა, თავშეკავება და თანმიმდევრულობა. ეს თავშეკავება შესაძლებელს გახდის ყველაფრის დეტალურად გამოკვლევას. ამავდროულად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გონივრული გამოსავალი ამ სიტუაციაში, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები მომავალში, თუ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა პაველმა.

ამასთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის წინ განაცხადა, რომ ეს არ იყო საერთაშორისო ტერორიზმი ან ორგანიზებული ჯგუფის აქტი და მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ.

შეგახსენებთ, შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გუშინ გახსნა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, სროლის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, მათგან ათი მძიმე მდგომარეობაშია.

100