ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს შეერთებული შტატები, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს.
ბორელის თქმით, ვიდრე უკრაინელები რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას უწევენ, ევროკავშირი მათ მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ ბორელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებას და მის მიერ ომის დასრულების შესაძლებლობას.
„ტრამპი ამ მომენტისთვის მხოლოდ კანდიდატია. დაველოდები, ვიდრე კვლავ დაჯდება თეთრ სახლში, რომ განვიხილო მისი წინადადებები. თავიდან არავის ეგონა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას გაუწევდა, და რა შევთავაზეთ უკრაინას თავდაპირველად? ჩვენ შევთავაზეთ ჩაფხუტები, ახლა კი – F-16-ებს ვთავაზობთ. განსხვავება საგრძნობია, არა? ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. არ ვიცი, რას გააკეთებენ ან არ გააკეთებენ ამერიკელები, ახალი პრეზიდენტი, მაგრამ აქამდე ევროკავშირის მხარდაჭერა – სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული – უფრო დიდია, ვიდრე აშშ-სგან. 100 მილიარდ ევროზე მეტია ის თანხა, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, საიდანაც 45 მილიარდი სამხედრო მხარდაჭერისთვისაა. რა თქმა უნდა, ეს ნაკლებია, ვიდრე აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაა, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი ციფრია“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა,რომ უკრაინის კაპიტულაცია და მისი მეორე ბელარუსად გადაქცევა, არ არის ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა.