საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ისრაელსა და „ჰამასს“ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ ბორელმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ბორელმა განაცხადა, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე სატვირთოების კოლონა რეგიონში შესვლას ელოდება. მისი თქმით, ახლა ღაზაში სწორედ ჰუმანიტარული დახმარების შეტანაა პრიორიტეტი.
„ჩვენ ასევე განვიხილავთ მოწოდებას გაერო-ს მხრიდან ჰუმანიტარულ პაუზასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე საჭიროა მძევლების დასაბრუნებლად. ღაზიდან, „ჰამასის“ მხრიდან სარაკეტო თავდასხმები უნდა შეწყდეს, გატაცებული მძევლები – გათავისუფლდნენ. ეს დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ გამოვაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი. ამ წუთას პრიორიტეტი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაა. ევროკავშირმა გაზარდა მხარდაჭერა, თუმცა სატვირთოების კოლონა შესვლას ელოდება და ისინი უნდა შევიდნენ, შეიტანონ აუცილებელი პროდუქტები, რომლებიც ადამიანებს სჭირდებათ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელის თქმით, აუცილებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაც, რადგან მსოფლიომ პალესტინის საკითხი მიივიწყა.
„ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვავლენთ ისრაელის მიმართ, რადგან ისინი ებრაელ ხალხზე განხორციელებულ უდიდეს თავდასხმასთან გამკლავებას ცდილობენ და ეს თავდასხმა უნდა დაიგმოს, თუმცა ჩვენ ასევე მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ უდანაშაულო პალესტინელები იხოცებიან. ისინიც „ჰამასის“ მსხვერპლი არიან. ასე რომ, ჩვენ ისეთივე შეშფოთება უნდა გამოვთქვათ თითოეული დაღუპული მშვიდობიანის გამო. სამშვიდობო პროცესი დიდი ხნით იქნა მივიწყებული. ძლიერმა სახელმწიფოებმა დაივიწყეს პალესტინის საკითხი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ამაზე მუშაობა. ჩვენ დავიწყეთ ეს ინიციატივა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში და ახლა ის ვერ შეესაბამება მოთხოვნებს. საჭიროა მისი განახლება და ამის განხილვას დავიწყებთ“, – აღნიშნა ბორელმა.