მეტეოროლოგები აზიასა და ევროპის კონტინენტზე, ბოლო რამდენიმე კვირაა, ჰაერის მაღალ ტემპერატურას აფიქსირებენ, რამაც უკვე ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საუდის არაბეთში ჰაერის ტემპერატურამ 51 გრადუსს მიაღწია, რის შედეგადაც მექაში, ჰაჯის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, კერძოდ, პორტუგალიიდან საბერძნეთამდე და აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ, ალჟირამდე, ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ ტყის ხანძრები გამოიწვია.
მეტეოროლოგები მომდევნო კვირას სერბეთში ჰაერის 40 გრადუსამდე მატებას პროგნოზირებენ.
ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებმა განგაშის წითელი დონე გამოაცხადეს და მოსახლეობას დღის საათებში სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნიუ იორკში, ბიბლიოთეკებსა და სხვა დაწესებულებებში გადაუდებელი გაგრილების ცენტრები გაიხსნა. რამდენიმე რეგიონში სასწავლო პროცესი შეწყდა. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა რამდენიმე შტატის მოსახლეობა მოსალოდნელი მაღალი სიცხის შესახებ გაფრთხილა. კალიფორნიაში კი ტყის ხანძრებს ებრძვიან.