აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთს ტროპიკული შტორმი „დები“ დაატყდა თავს. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი.
გარდაცვლილთა შორის 13 წლის ბიჭია, რომლის სახლს ხე დაეცა; სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის მანქანა გზიდან არხში გადავარდა; ასევე, გარდაცვლილია ქალი და მისი 12 წლის შვილი, რომლებიც სტიქიის დროს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ.
როგორც „ბიბისი“ წერს, თავდაპირველად ქარიშხალმა ფლორიდას გადაუარა, ამის მერე ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა საფრთხეს უქმნის ჯორჯიის შტატის ნაწილს, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას.
ფლორიდაში ქარიშხლის გამო 150 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, შეფერხებებია ასევე ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში.
აშშ-ის ქარიშხლების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ტროპიკულ შტორმს ახლავს გადაუღებელი წვიმა, რაც წყალდიდობის საფრთხეს ქმნის.
სამხრეთ კაროლინაში ორი ტორნადოც დააფიქსირეს.