
დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100%-იან ტარიფებს დააწესებს.
„ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა და მსოფლიოს მტრულად განწყობილი წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ის ფართომასშტაბიან ექსპორტის კონტროლს დააწესებს პრაქტიკულად ყველა პროდუქციაზე, რასაც აწარმოებს და ზოგიერთზე, რომელსაც საერთოდ არ აწარმოებს. ეს ყველა ქვეყანას ეხება და ნათელია, რომ მათ ეს გეგმა წლების წინ შეიმუშავეს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედ ტარიფებთან ერთად, დამატებით 100%-იან ტარიფებს დააწესებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთმა ეს უპრეცედენტო პოზიცია დაიკავა, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან (ან უფრო ადრე, ჩინეთის შემდგომი ქმედებების ან ცვლილებების მიხედვით), აშშ ჩინეთის წინააღმდეგ იმ ტარიფებზე დამატებით, რომლებსაც ისინი უკვე იხდიან, 100%-იან ტარიფებს დააწესებს. ასევე, 1-ელ ნოემბერს ჩვენ ექსპორტის კონტროლს დავაწესებთ ყველა კრიტიკულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.