
საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმის“ ახალი რუბრიკის „ემიგრანტების“ ფარგლებში, პერიოდულად შემოგთავაზებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო თემებს. ამჯერად გთავაზობთ იტალიაში ლეგალიზაციის მაძიებლებთათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:
როგორ გავაკეთოთ ლეგალიზაცია იტალიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით?
იტალიაში ლეგალურად ცხოვრების ერთ-ერთი გზა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაა. ეს პროცესი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დარჩეთ ქვეყანაში, თუ გაქვთ რისკები ან საფრთხე სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში.
საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმის“ ახალი რუბრიკა - ემიგრანტები გთავაზობთ იმ ძირითადი ეტაპების თანმიმდევრობას, რომლებიც უნდა გაიაროთ:
1. იტალიის ტერიტორიაზე შესვლა და თავშესაფრის მოთხოვნა
თავშესაფრის მოთხოვნა შესაძლებელია იტალიაში პოლიციის საემიგრაციო განყოფილებაში (Questura).
საჭიროა განაცხადის გაკეთება, რაც შეიძლება მალე ქვეყანაში შესვლის შემდეგ.
გასათვალისწინებელია, რომ საემიგრაციოში მოხვედრა მარტივი არ არის, ზოგჯერ ადამიანებს უწევთ რამდენიმე ღამე ქუჩაში გატარება, საემიგრაციოს შესასვლელში ლოდინი რიგის გამო, თუმცა თუ არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად ხართ, პირველივე დღეს მოახერხებთ შესვლას.
აუცილებელია იცოდეთ, რომ საწყის ეტაპზე ადვოკატის დახმარება არ გესაჭიროებათ და თავადაც მოახერხებთ თავშესაფრის მოთხოვნას. პირველ დღეს ეტყვით, რომ ითხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს, გამოგართმევენ პასპორტებს და მალევე დაგიბრუნებენ ფურცელთან ერთად, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ვიზიტის თარიღი. (შესაძლოა მეორე დღესვე დაგიბარონ).
2. განაცხადის რეგისტრაცია
მეორე ვიზიტზე მოგთხოვენ თქვენი პირადი მონაცემების დაფიქსირებას და ბლანკის შევსებას, რომელიც არის ოფიციალური თავშესაფრის განაცხადი. ამავე დღეს თან უნდა იქონიოთ პასპორტის 4 ფოტო-სურათი და პასპორტის ასლი. შესავსებ ბლანკში აუცილებელია მიუთითოთ მისამართი სადაც დროებით ცხოვრობთ, ან ასეთის არქონის შემთხვევაში მოითხოვოთ საერთო სახოვრებელში თავშესაფარი. ამ პროცედურის შემდეგ ჩამოგართმევენ პასპორტს და დალუქავენ. მოგცემენ დროებით ფურცელს, თქვენი ვინაობის დამადასტურებელს და დაგინიშნავენ მორიგ თარიღს.
3. ანაბეჭდები
ჩანიშნულ დროს მიდიხართ ისევ მითითებულ მისამართზე და თან მიგაქვთ მარკა 16 ევროიანი (შეიძენთ ყველგან სადაც ჟურნალ-გაზეთები და სიგარეტები იყიდება ე.წ. ტაბაკერიაში) და 2ც ფოტო-სურათი.
ადგილზე გადაგიღებენ დამატებით ფოტოებს და აიღებენ ანაბეჭდებს, მოგიწევთ ლოდინი რამდენიმე საათით, რათა გადამოწმდეს, რომ არ გაქვთ რაიმე სახის კრიმინალური, ან სხვა დარღვევა და მოგცემენ დროიებით საბუთს, სადაც ეწერება, რომ თქვენ მოთხოვნილი გაქვთ თავშესაფარი და თქვენი პასპორტი ინახება პოლიციაში. ასევე ჩაგინიშნავენ შემდეგ თარიღს, (ორი სამი თვის ინტერვალით) რაც გულისხმობს ე.წ. ინტერვიუს, სადაც უნდა ისაუბროთ იმ პრობლემაზე რომლის გამოც ითხოვთ თავშესაფარს.
4. დროებითი ნებართვა
როდესაც განაცხადი დარეგისტრირდება, გეძლევათ დროებითი დოკუმენტი - რომელიც გაძლევთ ლეგალურად ყოფნის და გარკვეული პერიოდის შემდეგ მუშაობის უფლებას.
5. ინტერვიუ კომისიასთან
შემდეგი ეტაპია მოსმენა რეგიონულ კომისიასთან, რომელიც აფასებს თქვენი თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
ინტერვიუზე უნდა წარმოადგინოთ ყველა შესაძლო მტკიცებულება იმისა, რომ დაბრუნება სამშობლოში თქვენთვის სახიფათოა.
6. გადაწყვეტილება
კომისია 2 თვიდან 1 წლამდე ვადაში იღებს გადაწყვეტილებას.
შედეგი შეიძლება იყოს:
დევნილის სტატუსი (5 წლიანი ბარათი, შემდგომში მოქალაქეობის მოთხოვნის უფლებით), ჰუმანიტარული დაცვა (2 წლიანი ბარათი), ან, უარი.
6. უარის შემთხვევაში – აპელაცია
თუ უარს მიიღებთ, შეგიძლიათ 30 დღის განმავლობაში გაასაჩივროთ სასამართლოში. ამ პერიოდში თქვენ რჩებით ლეგალურად და გაქვთ ბარათის გაგრძელების უფლება.
თუ აპირებთ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას, სასურველია იურისტთან ან სპეციალიზებულ ორგანიზაციასთან კონსულტაცია, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი უფლებების დაცვაში.
დაიმახსოვრეთ: ლეგალიზაცია თავშესაფრის გზით რთული, მაგრამ შესაძლებელია – მთავარია მზად იყოთ საქმის სერიოზულად წარსადგენად და იცოდეთ თქვენი უფლებები.