იტალიაში ცხოვრება ქართველებისთვის არაერთ შესაძლებლობასთან ერთად მნიშვნელოვან სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სოციალურ გამოწვევებსაც უკავშირდება. ბინადრობის ნებართვის მიღება და განახლება, მოქალაქეობის პროცედურები, თავშესაფრის მოთხოვნა, დასაქმება, სოციალური პროგრამები და შრომითი უფლებების დაცვა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც არასწორმა ან დაგვიანებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
სწორედ ამიტომ, ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი კონკრეტული სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის პროფესიული შეფასება. AMK CAF & PATRONATO-ში (საგადასახადო და სოციალური მომსახურების ცენტრი) ამბობენ, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და უნივერსალური მიდგომა ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში ხშირად არ მუშაობს.
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვესაუბრეთ რომში, AMK CAF & PATRONATO-ს ოპერატორს მაია კუხიანიძეს.
ქალბატონო მაია მადლობა ინტერვიუსთვის, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის რომელი საკითხებია ყველაზე აქტუალური და რა გამოწვევებს აწყდებიან ისინი ყოველდღიურად?
იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია Permesso di soggiorno (ბინადრობის ნებართვა იტალიის ტერიტორიაზე) და დასაქმება.
ყველაზე ხშირად პრობლემებს ქმნის ენის ბარიერი, პირველ რიგში ეს დასაქმების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია, სწორედ აქედან მოდის სამსახურის დაწყების სირთულეები, რასაც არაკეთილსინდისიერი „დამსაქმებლები“ ბოროტად იყენებენ. განსაკუთრებით ხშირია ახალჩამოსული ემიგრანტების მოტყუებისა და დასაქმების სანაცვლოდ თანხების გამოძალვის შემთხვევები, ეს ემიგრაციის საწყის ეტაპზე ყველაზე მეტად გავრცელებულია, რადგან ენის ბარიერის და დოკუმენტების არქონის გამო გამოუალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ასეთ ე.წ. დამსაქმებლებს მიმართავენ, რომლებიც ხშირად ისეთ სამსახურებში ასაქმებენ, სადაც გაუსაძლისი პირობებია და ამაში თან სოლიდური თანხის გადახდას ითხოვენ.
ბინადრობის ნებართვის განახლებისას რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ემიგრანტები?
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როდესაც ადამიანები თავად ავსებენ KIT-ს (განაცხადის პაკეტს). ამის შედეგად სხვადასხვა მიზეზით შესაძლოა ბინადრობის ნებართვა დაიბლოკოს და პროცესი გართულდეს.
განახლების პროცესი შესაძლებელია დაიწყოს ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე 90 დღით ადრე. ასევე, ვადის გასვლის შემდეგ არსებობს 90-დღიანი ვადა, თუმცა სასურველია, მოქალაქე არ დაელოდოს ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვას და პროცედურა წინასწარ დაიწყოს.
რა სამართლებრივი და პრაქტიკული რისკები ახლავს ბინადრობის ნებართვის განახლების დაგვიანებას?
დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა დაიკარგოს ლეგიტიმური ყოფნის უფლება, რაც, თავის მხრივ, ართულებს დასაქმებას, ხელშეკრულებების გაფორმებასა და სოციალური სერვისებით სარგებლობას.
Questura-ს (პოლიციის საიმიგრაციო სამსახურს) შესაძლოა უარი ჰქონდეს საკითხის განხილვაზე, თუ დაგვიანების მიზეზი მკაფიოდ ვერ იქნება დასაბუთებული. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ადვოკატის ჩარევა და პროცესი შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
რას ურჩევდით მათ, ვინც პირველად იწყებს Permesso di soggiorno-ს მიღების პროცედურას?
აუცილებელია კომპეტენტურ პირთან კონსულტაცია და მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასება. დასაზუსტებელია, კონკრეტულად რომელი ტიპის ბინადრობის ნებართვის მოთხოვნაა შესაძლებელი და რა წინაპირობებია საჭირო.
შესაძლოა მოთხოვნა ეხებოდეს Permesso per minorenne-ს (არასრულწლოვნის ბინადრობის ნებართვას), Permesso familiare-ს (ოჯახის წევრის საფუძველზე ბინადრობის ნებართვას), Flussi-ს (შრომითი მიგრაციის კვოტების პროგრამას), Coesione-ს (ოჯახური კავშირის საფუძველს), Ricongiungimento-ს (ოჯახის გაერთიანების პროცედურას) ან Asilo-ს (თავშესაფრის პროცედურას).
იტალიის მოქალაქეობის მიღების რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს და ვის შეუძლია მოქალაქეობის მოთხოვნა?
იტალიის მოქალაქეობის მოთხოვნა შესაძლებელია რამდენიმე საფუძვლით: წარმომავლობით, იტალიის მოქალაქესთან ქორწინებით ან ქვეყანაში ლეგალური და უწყვეტი ცხოვრებით.
წარმომავლობის საფუძველზე მოქალაქეობის მოთხოვნა შეუძლიათ პირებს, რომელთა მშობელი იტალიის მოქალაქეა, ასევე პირებს, რომლებსაც ჰყავთ იტალიელი წინაპარი - მამა, დედა, ბაბუა ან ბებია - იმ პირობით, რომ წინაპარს შვილის დაბადებამდე არ დაუკარგავს ან არ უთქვამს უარი იტალიის მოქალაქეობაზე.
ქორწინების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფება იტალიის მოქალაქესთან, იტალიაში ცხოვრების შემთხვევაში განაცხადის გაკეთება შეუძლია ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ, ხოლო საზღვარგარეთ ცხოვრების შემთხვევაში - სამი წლის შემდეგ. ეს ვადა ნახევრდება, თუ წყვილს ჰყავს საერთო ან შვილად აყვანილი ბავშვი.
საცხოვრებელი ვადის საფუძველზე არაევროკავშირის, ანუ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც წესი, ესაჭიროებათ იტალიაში ლეგალურად და უწყვეტად ცხოვრების მინიმუმ 10 წელი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ეს ვადა ოთხი წელია, ხოლო ლტოლვილებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის - ხუთი წელი.
განსაკუთრებულ შემთხვევებს მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე დაიბადნენ და სრულწლოვანებამდე, ანუ 18 წლამდე, უწყვეტად ცხოვრობდნენ იტალიაში, ასევე არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც იტალიის მოქალაქეებმა იშვილეს.
განაცხადის ოფიციალური განხილვის მაქსიმალური ვადა 24 თვეა, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება 36 თვემდე გაგრძელდეს.
მოქალაქეობის მოთხოვნისას ასევე მნიშვნელოვანია წლიური შემოსავალი - არანაკლებ 8 263,31 ევროს ოდენობით საკუთარი ან ოჯახის შემოსავლის სახით ბოლო სამი წლის განმავლობაში. მათთვის, ვინც მოქალაქეობას 10-წლიანი უწყვეტი რეზიდენტობის საფუძველზე ითხოვს, აუცილებელია იტალიური ენის B1 დონე.
რა დოკუმენტური ან ადმინისტრაციული ხარვეზები იწვევს მოქალაქეობის განაცხადის გაჭიანურებას?
ძირითადად პროცესის გაჭიანურებას იწვევს არასრული დოკუმენტაცია, არასწორად შედგენილი ან დაუმოწმებელი თარგმანები, ასევე სააგენტოს მიერ დამატებითი შემოწმებების ან ინფორმაციის მოთხოვნა.
ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება დამატებითი ვადები, რაც საბოლოო პასუხის მიღებას აფერხებს.
რა როლს ასრულებს თქვენი ოფისი მოქალაქეობის მიღების პროცესის ადმინისტრაციულ მხარდაჭერაში?
ჩვენ ვაგროვებთ და ვამოწმებთ დოკუმენტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ვაგზავნით მოთხოვნას, რათა თავიდან ავიცილოთ პროცესის შეფერხება.
თუ დოკუმენტები სრულად არ არის მოწესრიგებული ან, მაგალითად, რეზიდენტობის პერიოდში რაიმე წყვეტაა, მოთხოვნას არ გავუშვებთ, რადგან მნიშვნელოვანია, პროცესი თავიდანვე სწორად და შესაბამისი დოკუმენტური საფუძვლით დაიწყოს.
თავშესაფრის მიმართულებით რა შესაძლებლობები არსებობს იტალიაში და რა ფორმებს მოიცავს საერთაშორისო დაცვა?
იტალიაში საერთაშორისო დაცვის ორი ძირითადი ფორმა არსებობს: Status di rifugiato (ლტოლვილის სტატუსი) და Protezione sussidiaria (სუბსიდიური დაცვა). გარდა ამისა, ეროვნული კანონმდებლობით მოქმედებს დაცვის დამატებითი ფორმა — Protezione speciale (სპეციალური დაცვა).
ლტოლვილის სტატუსი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ საფუძვლიანი შიში, რომ შესაძლოა დევნის მსხვერპლი გახდნენ რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ბინადრობის ნებართვა მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ექვემდებარება განახლებას.
სუბსიდიური დაცვა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნებს, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრებათ რეალური ზიანის მიყენების საფრთხე - მათ შორის სიკვდილით დასჯის, წამების ან შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული განურჩეველი ძალადობის საფრთხე. ბინადრობის ნებართვა მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და განახლებადია.
სპეციალური დაცვა არის ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული დაცვის ფორმა იმ პირებისთვის, რომლებიც საერთაშორისო დაცვის პირობებს არ აკმაყოფილებენ, თუმცა სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლიათ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების გამო, მაგალითად, წამების რისკის ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვის საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისი ბინადრობის ნებართვა ძირითადად ორი წლის ვადით გაიცემა.
რა ეტაპების გავლა უწევს თავშესაფრის მაძიებელს?
საკმაოდ რთული პროცედურაა - პირველ ეტაპზე საჭიროა საიმიგრაციო სამსახურში მისვლა და პირველადი განაცხადის გაკეთება, რაც საკმაოდ რთულია, რადგან ადამიანები დღეების მანძილზე დგანან რიგში ღია ცის ქვეშ. შემდეგ ხდება პერსონალური მონაცემების აღება, თითის ანაბეჭდების აღება და ფოტოსურათის გადაღება.
მნიშვნელოვანი ეტაპია კომისიასთან შეხვედრა, სადაც განმცხადებელი დეტალურად საუბრობს სამშობლოს დატოვების, არსებული საფრთხისა და ქვეყნიდან წამოსვლის მიზეზების შესახებ.
ამის შემდეგ კომისია აანალიზებს მიწოდებულ ინფორმაციასა და ფაქტებს და იღებს გადაწყვეტილებას - სტატუსის მინიჭების ან უარყოფის შესახებ. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მისი სასამართლოში გასაჩივრება შესაძლებელია.
რა უფლებებით სარგებლობს თავშესაფრის მაძიებელი საქმის განხილვის პერიოდში?
თავშესაფრის მაძიებელს აქვს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის, სოციალური დახმარების, სამედიცინო მომსახურებისა და განათლების მიღების უფლება.
მას ასევე აქვს გადაუდებელი სამედიცინო და ჯანდაცვის საბაზისო მომსახურების მიღებისა და მუშაობის უფლება.
ამასთან, შეზღუდულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა. იტალიის დატოვების შემთხვევაში განცხადება შესაძლოა განხილვიდან მოიხსნას.
საქმის წარმოების პერიოდში პასპორტი რჩება Questura-ში (პოლიციის საიმიგრაციო სამსახურში) და პირს ეძლევა დროებითი Permesso di soggiorno provvisorio (დროებითი ბინადრობის ნებართვა).
როგორ ეხმარებით მოქალაქეებს თავშესაფრის პროცედურის მართვაში?
ვაძლევთ მიმართულებას, თუ რა მოტივით უნდა მოითხოვონ დაცვა, ვაკონტროლებთ კომისიაზე გამოცხადების თარიღს, ასევე გამოვითხოვთ კომისიის პასუხს და უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ვეხმარებით მის გასაჩივრებაში.
სოციალური დაცვის მიმართულებით, რომელი სახელმწიფო პროგრამებით შეუძლიათ ქართველ ემიგრანტებს სარგებლობა?
Assegno Unico e Universale-ის (ერთიანი და უნივერსალური დახმარების) მოთხოვნა შეუძლია იტალიაში მყოფ ნებისმიერ მშობელს - დასაქმებულს, უმუშევარს, პენსიონერს ან თვითდასაქმებულს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ან გარკვეული პირობებით 21 წლამდე შვილი, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ასაკობრივი ზღვარის გარეშე და აკმაყოფილებს საცხოვრებლისა და გადასახადების ძირითად კრიტერიუმებს.
ასევე არსებობს სხვადასხვა სოციალური დახმარება და შეღავათი: Bonus Nuovi Nati (ახალშობილთა ბონუსი) - 1 000 ევრო ახალშობილებისთვის; Bonus Libri (წიგნების ბონუსი); Bonus Trasporto (სატრანსპორტო შეღავათი); Bonus Sport (სპორტის ბონუსი); Bonus Psicologo (ფსიქოლოგის მომსახურების ბონუსი); Bonus Elettrodomestici (საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის ბონუსი); Mensa scolastica (სკოლის კვება); Bonus Asilo (საბავშვო ბაღის ბონუსი); Bonus Affitto (ქირის ბონუსი); Bonus Mamme Disoccupate (უმუშევარი დედების ბონუსი); Bonus Bollette (ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გადასახადების ბონუსი). სამი სახის პენსია: ასაკობრივი, სოციალური და ინვალიდობის.
ასევე არსებობს Carta Acquisti (შესყიდვების ბარათი) - 80 ევრო ყოველ ორ თვეში 65 წელს ზემოთ პირებისთვის, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 8 230,81 ევროს; Assegno di Inclusione (ჩართულობის დახმარება) - თვეში 500 ევრომდე ძირითად თანხას, რომელიც იზრდება 630 ევრომდე, თუ ოჯახი შედგება მხოლოდ 67 წელზე უფროსი ასაკის პირებისგან ან მძიმედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისგან; NASpI (უმუშევრობის დახმარება); Supporto Formazione e Lavoro - SFL (სწავლისა და დასაქმების მხარდაჭერა) - სასწავლო პროექტებში მონაწილეობის შემწეობა დასაქმებისთვის შესაბამისი პირებისთვის.
ასევე არსებობს Carta „Dedicata a te“ (სპეციალური წინასწარ დატვირთული ბარათი), რომელიც განკუთვნილია დაბალი ISEE-ს (ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მაჩვენებლის) მქონე ოჯახებისთვის აუცილებელი საკვები პროდუქტების შესაძენად.
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ამ სოციალურ უფლებებსა და შეღავათებს ვერ იყენებენ?
ძირითადად, ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და არ მიმართავენ კომპეტენტურ პირებს.
ზოგი დახმარება ავტომატურად გაიცემა, თუმცა ძირითადად საჭიროა შესაბამისი განაცხადის გაკეთება. სწორედ ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი CAF PATRONATO-ს (საგადასახადო და სოციალური მომსახურების ცენტრის) როლი, როდესაც ადამიანები მოგვმართავენ, ვაწვდით ზუსტ ინფორმაციას და შემდეგ ვაკეთებთ განაცხადს შესაბამის საკითხზე.
იურიდიული მხარდაჭერის მიმართულებით რა პრობლემებზე მოგმართავენ ყველაზე ხშირად?
ყველაზე ხშირად მოგვმართავენ საბუთების დაწყების საკითხებზე და იმ შემთხვევებში, როდესაც აქვთ პრობლემები ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ სამსახურებრივი მოვალეობის დასრულების შემდეგ უნდა მიიღონ.
რა ტიპის სამართლებრივ დავებსა და პრობლემებზე შეგიძლიათ დახმარება?
არ არსებობს პრობლემა, რომ არ მოგვარდეს, რადგან მყავს სამი ადვოკატი. აქვე აღვნიშნავ, რომ ისინი ძმები არიან და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.
მათ შორისაა ხელფასის მიუღებლობა, სამუშაო პირობების დარღვევა, ვიზისა და ბინადრობის ნებართვის უარყოფა, დეპორტაციის პროცედურები, თავშესაფრის მოთხოვნა, მემკვიდრეობა და ქონება სამშობლოში, განქორწინება და ალიმენტი, დოკუმენტების აღდგენა, სამსახურში მომხდარი უბედური შემთხვევები და სხვა სამართლებრივი საკითხები...
რა ტიპის მცდარი ინფორმაცია ან არასწორი პრაქტიკა არის ყველაზე გავრცელებული ემიგრანტებში?
ხშირად ამბობენ: „მე ასე გავაკეთე და შენც ასე გააკეთე“. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ყველა ადამიანის საქმე ინდივიდუალურია.
რომელ საკითხებზე ურჩევდით ემიგრანტებს, აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს?
ნებისმიერ საკითხზე უმჯობესია მიმართონ სპეციალისტს.
რა სამი მთავარი რეკომენდაცია გაქვთ იმ ქართველებისთვის, რომლებიც უკვე ცხოვრობენ ან ახლახან ჩამოვიდნენ იტალიაში?
პირველი - გაიარონ ენის კურსები. მეორე - დროულად დაიწყონ საბუთების მოწესრიგება. მესამე - ითანამშრომლონ მათ მიერ არჩეულ CAF PATRONATO-სთან (საგადასახადო და სოციალური მომსახურების ცენტრთან).
და ბოლოს, რატომ AMK CAF & PATRONATO და რა გამოარჩევს თქვენს ოფისს?
AMK CAF & PATRONATO (საგადასახადო და სოციალური მომსახურების ცენტრი) გაძლევთ ყველაფერს ერთ სივრცეში, რაც კი ემიგრაციას ეხება.
გვაქვს ორწლიანი გამოცდილება. მომხმარებელთან ურთიერთობის მთავარი ღირებულებებია პატივისცემა და საქმისადმი პასუხისმგებლობა.
და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორმა წელმა ბევრი ადამიანი მაჩუქა - ისტორიები, სიურპრიზები. თითოეული ადამიანი, რომელიც ჩემთან მოდის, მხოლოდ კლიენტი არ არის. საქმე მხოლოდ ფულში არ არის - მთავარი ადამიანობაა და საქმის სიყვარულით კეთებაა.
მადლობას გადავუხდი ყველა ემიგრანტს და ვუსურვებ ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნებას.