„20 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა. 4 316-მა ადამიანმა კი მოახდინა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზება“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ამ პროგრამის შედეგი ორმაგია:
მოკლევადიანი დასაქმებით შემოსავლის გაზრდა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გაუმჯობესების გზით, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2022 წლის 1-ლ მარტს ამოქმედდა და ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე, ღია შრომის ბაზარზე, მოკლევადიანი პროფესიული კურსების ორგანიზებას და არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებას. ამ შეთავაზებებიდან ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარები, 4 წლის განმავლობაში, ყველა იმ სარგებელს ინარჩუნებენ, რასაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველ პირებს სთავაზობს.
ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება. მინისტრი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.