საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E-60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი მსოფლიო ბანკის 265 მილიონამდე ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მოცემულ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 8 ხიდსა და 5 გვირაბზე, საიდანაც 4 ხიდი უკვე აშენებულია.
"ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ექსპლუატაციაში უკვე შესული ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ხაშურის შემოვლითმა გზამ, მნიშვნელოვნად განტვირთა ქალაქი ხაშური საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად გადმოერთო ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო განახევრდა.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი, სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, საერთო ჯამში მოიცავს 14 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 23 ხიდს, 5 გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს",-ნათქვამია ინფორმაციაში.