დღემდე ჩვენი კომპანია 117 ქვეყანაში ოპერირებდა და საქართველო 118-ე იქნება. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არავის ახსოვდა? არავითარ შემთხვევაში. ერთი რამ, რაც ევროპაში ვიცით საქართველოს შესახებ ისაა, რომ თქვენ უნდა გაშალოთ ფრთები. თქვენი ტურიზმი არის აყვავების ფაზაში, - ამის შესახებ ბელგიური კომპანიის „იან დე ნულის“ მმართველმა დირექტორმა, იან პიტერ იან დე ნულმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სტატისტიკური მონაცემები და ინდიკატორები შთამბეჭდავია.
„რაც საქართველოში მინახავს საოცარი და შესანიშნავია. საქართველოს სტატისტიკური მონაცემები და ინდიკატორები შთამბეჭდავია. ჩვენი თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან დიდი მიღწევაა და ძალიან გვიხარია, რომ საქართველოსთან მოგვიწევს თანამშრომლობა და ამ მაჩვენებლების და ინდიკატორების კიდევ უფრო გაზრდა და განვითარება“, - აღნიშნა იან პიტერ იან დე ნულმა.
ამასთან, კომპანიის „იან დე ნულის“ მმართველმა დირექტორმა საქართველოსა და ევროპის ისტორიაზე ისაუბრა.
„მე საქართველოს ისტორიასაც გავეცანი. გამიკვირდა, რომ თურმე შუა საუკუნეებში საქართველოში აბრეშუმის გზა ყვაოდა. იმ პერიოდის ევროპაში განუვითარებელი ქვეყნები და სოფლის ტიპის დასახლებები იყო, თქვენი ქვეყანა კი ყვაოდა“, - აღნიშნა მან.
იან პიტერ იან დე ნულმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს იშვიათი შემთხვევა უწოდა.
„ამ პროექტს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს იშვიათი შემთხვევა. დღეიდან 10 წელიწადში საქართველოს ვერავინ იცნობს. ადგილობრივი წარმოება განვითარდება და დასაქმება გაიზრდება. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ძალიან დიდი ენთუზიაზმით აღჭურვილ პარტნიორთან, საინჟინრო კომპანიებთან და არ ველოდები რაიმე სახის წინაღობას. როდესაც ვუყურებ ფუნდამენტურ საკითხებს, იმ მიდგომას და სულისკვეთებას, როგორ ზრუნავთ ეკონომიკაზე, ვრწმუნდები, რომ საქართველოს კიდევ ერთი ოქროს ხანა ელის“, - აღნიშნა იან პიტერ იან დე ნულმა.