საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ სახელმწიფო ბანკის დაფუძნების წინადადებით გამოდის. აღნიშნული ინიციატივა პარტიის ლიდერმა, ილია ინჯიამ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.
ინჯიას განცხადებით, სახელმწიფო ბანკის შექმნა ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებასა და სოციალური მიმართულებით რეგულაციების გამარტივებას ემსახურება. დეპუტატის თქმით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია პროდუქტებზე ფასების დარეგულირებასთან.
„უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცებისთვის ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო გააადვილებს რეგულაციებს იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური მიმართულებით, რომელიც საინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ილია ინჯიამ.
პოლიტიკური ჯგუფის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა საბანკო სისტემისა და საპროცენტო განაკვეთების როლზე ფასწარმოქმნის პროცესში. მისი თქმით, ფასების კლების მიმართულებით მუშაობა ოპერატიულად უნდა დაიწყოს, თუმცა ეს პროცესი პროდუქციის ხარისხზე უარყოფითად არ უნდა აისახოს.
ინჯიას განმარტებით, ფასების ფორმირების დეტალებსა და საბანკო სექტორის მონაწილეობაზე მეტი ინფორმაცია შესაბამისი კომისიის მუშაობის შემდეგ გახდება ცნობილი.