მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გოლეთიანმა დღეს გუმათის დასახლებაში, კარვებთან ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროცესი გონივრულ ვადაში თუ არ წარიმართება, პროტესტს კომპანია „ენკას“ ოფისთან განაგრძობენ, სადაც ოფისის შესასვლელის პიკეტირებას მოახდენენ.
გოლეთიანი მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
„არის თუ არა ის მზად, გვიპასუხოს ყველა კითხვაზე? მიგვაჩნია, რომ უამრავი კითხვა არსებობს როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ისე მის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, ასევე ხელშეკრულების ირგვლივ, რაზეც ხელისუფლება თავადაც საუბრობდა, მაგრამ ახლა ამაში მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს და ის აბსოლუტურ პრიორიტეტად ჰესის მშენებლობას მიიჩნევს. ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ რასაც ჩვენ 15 თვეა, ვითხოვთ, აბსოლუტურად არის იგნორირებული“, – განაცხადა გოლეთიანმა.