მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი და არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, რათა დაცული იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ასეთი დაფინანსების მოცულობა შემცირებულია, თუმცა თითოეულ ასეთ პრეცედენტს ბოლომდე უნდა გაყვნენ.
„პარტიების თუ ზოგადად, პოლიტიკური სუბიექტების ირიბი დაფინანსება ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს. დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან და არა საზღვარგარეთული წყაროებიდან. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული გადახვევები, როდესაც არც თუ ირიბად ხდებოდა პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება. ტენდენცია არის დადებითი. ეს დადებითი ტენდენცია დაიწყო მას შემდეგ, რაც დაინიცირდა პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი. მას შემდეგ ვხედავთ დადებით ტენდენციებს, აღარ ხდება ირიბი წესით პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ასეთი დაფინანსების მოცულობა შემცირებულია. ეს ძალიან კარგია, თუმცა ბოლომდე უნდა გავყვეთ თითოეულ ასეთ პრეცედენტს. მნიშვნელოვანია, არც პირდაპირი და არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, რათა დაცული იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით რაიმე საკანონმდებლო ცვლილებები არ იგეგმება.
„საუბარია არა მხოლოდ „ენჯეოების“ დაფინანსებაზე, არამედ საუბარი იყო პარტიების პოლიტიკური სუბიექტების ირიბ დაფინანსებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს არასწორი პრაქტიკაა. რაც შეეხება ახალ კანონს, ასეთი რამ არ იგეგმება. ზოგადად, პარტიების ირიბი დაფინანსების საკითხი მოწესრიგებულია მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ ორგანული კანონით. ამ კანონის ფარგლებში თუ რაიმე ზომები იქნება მიღებული, ეს არის ანტიკორუფციული სამსახურის საქმე. რაიმე საკანონმდებლო ცვლილებები არ იგეგმება“, – აღნიშნა კობახიძემ.