
2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
განახლებული მონაცემების მიხედვით, წელს მეორე კვარტალში წლიურად დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4.7 ათასი კაცით (0.5%) და 940.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით შემცირდა (6.5%) და 422.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7.9 ათასით (3.6%) და 227.6 ათასი შეადგინა.
„2025 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.1 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 0.6 პროცენტული პუნქტით და 46.4 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.3 პროცენტული პუნქტით და 0.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 46.5 პროცენტს და 46.3 პროცენტს შეადგენს.
2025 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.0 პროცენტი შეადგინა. 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნულია კვლევაში.
საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. კერძოდ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებში 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა და შესაბამისად 12.2 პროცენტს და 15.9 პროცენტს შეადგენს.
„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2025 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.7 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.
2025 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით“, - ვკითხულობთ საქსტატის ანგარიშში.