უკრაინამ, თურქეთმა და გაერო-მ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამმხრივ ხელშეკრულებას დღეს, 22 ივლისს ხელი მოაწერეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.
უკრაინული მედია წერს, რომ ასეთსავე დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ თურქეთის, გაერო-სა და რუსეთის წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა და რუსეთი საერთო დოკუმენტით არ იღებენ ვალდებულებებს. ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტების კონტროლი, რომლის მეშვეობითაც მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება, დოკუმენტის მიხედვით, უკრაინულ მხარეს რჩება. ამ პორტებში სხვა გემების არსებობა, გარდა იმ გემებისა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული საკვები პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტი, არ არის გათვალისწინებული.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ პირდაპირი შეთანხმება არ იქნება. მარცვლეულის შეთანხმება განბლოკავს უკრაინის პორტებში ჩარჩენილ 80 სატვირთო გემს 25 მილიონი ტონა მარცვლეულით.