ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით სამინისტროს სისტემაში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო“.
“დღეს მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა, რათა მოვამზადოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, ტენდერი, რომელიც უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტანტთან ერთად, იმისთვის, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პროექტით, პირველ რიგში დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოლა ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში.