თურქულმა „შიშეჯამ ჰოლდინგმა“ ქსნის მინის ქარხნის განვითარებაში 19.4 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, „მინას“ ახალი სახარში ღუმელის პროექტის გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
უწყების ცნობით, „შიშეჯამის“ მინის ტარის მწარმოებელ ქართულ საწარმოში 19.4 მილიონი ევროს ინვესტირებით, საწარმოს ერთ-ერთი ღუმელის განახლების პროცესი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა წარმატებით დასრულდა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ინვესტიციის განხორციელების პროცესში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ჩართულობა, ხედვა და მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.
ეკონომიკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „შიშეჯამი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული საწარმოა მსოფლიოში, რომელიც გლობალური მოთამაშეა მინის წარმოების ისეთ ბიზნესმიმართულებებში, როგორებიცაა: ბრტყელი მინა, მინის ჭურჭელი, მინის შეფუთვა, საავტომობილო მინა, მინის ბოჭკოვანა, ასევე სოდა და ქრომის ქიმიკატების მოპოვება. „შიშეჯამი“ მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულშია.
სს „მინა“-ის შეძენა „შიშეჯამის“ პირველი უცხოური ინვესტიციაა თურქეთის გარეთ, რომელიც მან 1997 წელს განახორციელა. საწარმო შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. 26 წლის განმავლობაში, რეგიონალური და მსოფლიო კრიზისების ფონზე სს “მინა”, „შიშეჯამ ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. საწარმოში 240 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებიდან. გარდა ამისა, სს „მინას“ მუდმივად ემსახურება 100-ზე მეტი ადამიანია პერიოდულ სამუშაოებზე.
წარმოების პროცესში სს „მინა“ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებიდან მიღებულ ნედლეულსა და მასალებს იყენებს, რითაც ხელს უწყობს ადგილობრივი საწარმოების განვითარებას.
კომპანია საერთაშორისო მასშტაბის ოპერირებითა და თავისი 88-წლიანი გამოცდილებით 24,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. მისი საწარმოო საქმიანობა მოიცავს 14 ქვეყანას ოთხ კონტინენტზე 45 ფილიალით და გაყიდვებს 150 ქვეყანაში.
საწარმოს განვითარების პროექტის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებით ახლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს და მისასალმებელია, რომ წლიდან წლამდე ეს ურთიერთობები სულ უფრო მზარდია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ინვესტორთა წახალისების სხვადასხვა მექანიზმები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
თურქულმა „შიშეჯამ ჰოლდინგმა“ ქსნის მინის ქარხნის განვითარებაში 19.4 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა
450
|