2024 წლის 8 თვის მდგომარეობით, საგადასახადო შემოსავლები მობილიზების მაღალი ტენდენციით ხასიათდება, წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გეგმურ მაჩვენებელზე გადაჭარბება.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშის შეფასებას მოიცავს.
„2024 წლის 8 თვის მდგომარეობით, საგადასახადო შემოსავლები მობილიზების მაღალი ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ამ პერიოდში მიღებულია საგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმური მაჩვენებლის 68.4%, მაშინ როდესაც 2022-2023 წლების ანალოგიური მაჩვენებლები, შესაბამისად, 59.8% და 64.1%-ია. წინა წლებთან შედარებით, მობილიზების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ყველა საგადასახადო შემოსავალი გარდა აქციზისა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გეგმურ მაჩვენებელზე გადაჭარბება.
სხვა შემოსავლების კუთხით აღსანიშნავია საპროცენტო შემოსავლები, სადაც რვა თვეში მობილიზებულია 225 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 80.2%-ია.
მთავრობის ვალის მოცულობა 8 თვის მდგომარეობით 32.5 მლრდ ლარს შეადგენს და 2023 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 მლრდ ლარითაა (3.4%-ით) გაზრდილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.