პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს უსმენენ.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.
„ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სექტორების გამართული ფუნქციონირება და შემდგომი ზრდა/განვითარება. ჩვენი ქვეყნის დიდი ენერგეტიკული პოტენციალის სწორად და ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ვაგრძელებთ ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიან რეფორმას. დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით კი ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. ამასთან, ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით.
პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, 2024 წლის თებერვალში დასრულდა სიმძლავრის მეორე აუქციონი 800 მგვტ სიმძლავრისთვის. სიმძლავრის აუქციონის შესახებ დადგენილებისა და წესების მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუქციონში შემოსული განაცხადების განხილვა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რომ წლის ბოლომდე 12 ჰესის მშენებლობა დასრულდება.
„გაგრძელდება მიმდინარე განახლებადი ენერგიის პროექტები. ასევე 2024 წელს დასრულდება დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 157 მგვტ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება 350-430 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტში კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოზიდვა, შემდგომი ყველა შესაბამისი ღონისძიების (დაპროექტება, მშენებლობა, ოპერირება) უზრუნველყოფის მიზნით. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები. აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, რომელიც 2024 წლის ივლისისთვის დასრულდება. პარალელურად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუშაობს პროექტისთვის საჭირო გარემოსა და სოციალური ზემოქმედების, ასევე, ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევების ანგარიშის ჩასატარებლად მომსახურების შესყიდვაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.