“საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა.
„დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა. შესაბამისად, 12 თვის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -6.1%-ია“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე განცხადებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ხოლო ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.