ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ ცესკოდან ოფიციალურად წავიდა, თან პირადი გადაწყვეტილებით.
საქმე იმაშია, რომ 2020 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანა მიქელაძე ტრადიციულად ბრიფინგებს მართავდა, თუმცა 2 ნოემბრის შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილა. მის ნაცვლად ცესკოში ბრიფინგებს უწყების სხვა თანამშრომლები მართავდნენ, მოგვიანებით კი, პრესასთან ახალი პრეს-სპიკერი გამოჩნდა.
მიქელაძე ფაცებოოკ-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ უკვე დღეიდან ცესკო-ს თანამშრომელი ოფიციალურად აღარ არის. ის კოლეგებს და მედიას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება რთული იყო.
„ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და, რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, - აცხადებს ანა მიქელაძე.
ანა მიქელაძე აღნიშნულ პოსტს 2019 წლის 2 სექტემბრიდან იკავებდა.