თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელსაც გაგრძელდება და თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ₾20 მილიონი გამოიყოფა - ამის შესახებ დღეს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი კაპანაძემ ისაუბრა.
“თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის წელს, სუბსიდირების სახით, 20 მილიონი ლარია დაგეგმილი. მოსავლიანობა გვაჩვენებს, რა შედეგს გამოიღებს პროგრამა, თუმცა დაფინანსება საკმაოდ დიდია და იმედი გვაქვს, რომ ეს გაზრდის მოსავლიანობასაც, რაც ექსპორტის მაჩვენებელზეც აისახება”, - განაცხადა კაპანაძემ.
კომიტეტზე პროგრამის გასული წლის შედეგებზეც ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ, შარშანდელთან შედარებით, წელს თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა გაუმჯობესებულია, თუმცა გამოწვევები არსებობს თხილის ექსპორტის კუთხით.
“თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას ორი წელია ვახორციელებთ და ის საკმაოდ ეხმარება მეწარმეებს. წელს, შარშანდელთან შედარებით, პროგრამა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, ბენეფიციარებთან კონსულტაციით მნიშვნელოვნად დაიხვეწა პროგრამის ელემენტები.
ზოგადად, მსგავსი პროგრამები თხილისა და კაკლის ექსპორტის მიმართულებით საკმაო მხარდაჭერას გულისხმობს, თუმცა ალბათ ყველას გვესმის, რომ თხილის საექსპორტო ფასი ვერ იქნება დადგენილი ჩვენ მიერ, რადგან ჩვენ არ ვართ მსოფლიო ბაზრის მთავარი მომწოდებელი, ექსპორტის მაჩვენებელზე კი საექსპორტო ფასს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.
გასულ წელს საექსპორტო ფასი შედარებით დაბალი იყო, წელსაც იგივე ტენდენციაა, თუ მოხდება ბაზარზე ფასის ცვლილება, ეს ჩვენზეც აისახება, თუმცა, სამწუხაროდ, თავად არ გვაქვს მოსავლის ის რაოდენობა, რომ მსოფლიოს ბაზარზე გარკვეულ წესებს ვადგენდეთ”, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.