საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება.
კობახიძის თქმით, სულ მცირე, ორი-სამი ათასი კურსდამთავრებული სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
„მოგეხსენებათ, პარლამენტმა შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას. კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება. წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტების სულ მცირე, ორი-სამი ათასი კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე, ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. მინდა, ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოადგინონ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში, ასევე თანამშრომლობის საფუძველზე კერძო სექტორში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.