წალენჯიხაში "საქართველოს უნივერსიტეტის" კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს, წალენჯიხაში "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორმა კოკა თოფურიამ გამართა.
"საქართველოს უნივერსიტეტის" კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის პროექტის დეტალური საინვესტიციო ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ bm.ge-ს ინფორმაციით, საჭირო ფინანსურ რესურსებს "საქართველოს უნივერსიტეტი“ და „წალენჯიხის განვითარების ფონდი“ გამოყოფენ, რომლის მთავარი დონორიც მამუკა ხაზარაძეა.
წალენჯიხაში კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის კამპუსი 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მათგან 250-ს კამპუსში ცხოვრებაც შეეძლება. გარდა ამისა, სკოლა-ინტერნატს ექნება საცხოვრებელი, სადაც მშობლები და პროფესორ-მასწავლებლები შეძლებენ დარჩენას.
„კამპუსი წალენჯიხიდან 10 წუთის სავალზე აშენდება. ტერიტორიაზე განთავსდება სპორტული მოედნები, საცურაო აუზები, კულტურული ცენტრი სააქტო და სხვა დარბაზებით“, - აცხადებენ პროექტის ავტორები.
როგორც პრეზენტაციაზე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა საქართველოში, სადაც ისწავლიან არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ - უცხოეთიდანაც. კოკა თოფურიას თქმითვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში სწავლა და დარჩენა შეეძლებათ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან მსურველ მოსწავლეებს, რომლებიც კამპუსშივე შეძლებენ დარჩენას.
„ეს უნდა გახდეს რეგიონული მიზიდულობის ცენტრი და ის შეასრულებს დიდ სახელმწიფოებრივ როლს“, - დასძინა კოკა თოფურიამ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კამპუსი, დაახლოებით, 2-3 წელიწადში აშენდება და, სავარაუდოდ, სამი წლის თავზე, სასწავლო პროცესიც დაიწყება. კერძო სკოლაში სწავლა მოსწავლეებს მე-6 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით შეეძლებათ.
რაც შეეხება სწავლის საფასურს, სკოლა ფასიანი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოსწავლეებისთვის, თუმცა კოკა თოფურიამ განმარტა, ქართველი მოსწავლეებისთვის სწავლა გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე - უცხოელებისთვის.
წყარო: BMG