ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა.
მისივე განცხადებით, საქართველო მიიღებს კიდევ ერთ ძალიან კარგ ვაქცინა „ნოვოვაქსს“, რომლის გაყიდვაც მსოფლიოში ივნისში დაიწყება და საქართველო მისი პირველი მომხმარებელი გახდება. ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ საერთაშორისო აღიარების მოპოვებისა და ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანაში ჩინური ვაქცინაც შემოვიდეს.
„ახლა, 22 მარტს შემოვა „ფაიზერის“ პარტია, შემდეგ შემოვა 80 ათასი ისევ „ასტრაზენეკა“, შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით შემოვა ისევ „ასტრაზენეკა“, როგორც ვიცი, ოღონდ უკვე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით და არა საერთაშორისო ინსტრუმენტებით. ასევე, შესაძლოა, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, საერთაშორისო აღიარებისა და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, შემოიტანონ ჩინური ვაქცინაც და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან - ეს არის „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გაყიდულა მსოფლიოში და რომლის გაყიდვაც დაიწყება ივნისში და პირველი მომხმარებელი მისი იქნება საქართველო და როგორც ამბობენ და მჯერა, რადგან გავეცანი დოკუმენტაციას, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე უკეთესი ვაქცინა, რომელიც დამზადებული იქნება განსხვავებული ტექნოლოგიით,“- განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის, რადგან თუ ჩვენ გვსურს, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60-65% აიცრას, მაშინ ერთ დღეში 3000 ადამიანის ვაქცინაცია უნდა მოხდეს.
„ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის, მაგრამ მაინც მიდის. დღეისთვის მესამე თუ მეოთხე დღეა და უკვე აიცრა 3 ათასზე მეტი ადამიანი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, დღეში უნდა ავცრათ ჩვენ 3 ათასი ადამიანი, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 60-65% მოსახლეობის აცრას. სულ დარეგისტრირებულია 5 ათასი ექიმი, რაც ძალიან ცოტაა, ამიტომ ჩვენ მივმართავთ და მე პირადად მივმართავ, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო“,- განაცხადა ცერცვაძემ.