სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული 2021 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოს იმპორტი $85.9 მილიონი დოლარით ანუ 12.2%-ით შემცირდა და $618.2 მილიონი დოლარი შეადგინა.
იმპორტის კლების წამყვანი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისია, რის გამოც ადგილობრივი ეკონომიკის მოთხოვნა იმპორტულ საქონელზე შემცირებულია.
იმპორტისგან განსხვავებით, 3%-ით გაიზარდა ექსპორტი და $270.3 მილიონი დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში, იანვარ-თებერვალში საქართველოს ექპორტი $494.7 მილიონი იყო, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. იმპორტის მოცულობა კი $1.16 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 14.1%-ით ნაკლებია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის პირველ ორ თვეში $664.6 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მაჩვენებლებს 19 მარტს გამოაქვეყნებს და აღნიშნული ანგარიშით გაირკვევა, თუ რომელი საქონლის იმპორტის კლებამ განაპირობა თებერვალში იმპორტის მოცულობის შემცირება.