ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იზრდება მგზავრთნაკადი, რაც ქმნის უფრო დიდი აეროპორტის საჭიროებას.
„ობიექტურად ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა. შესაბამისად, დღეს არსებულ ტერიტორიაზე თბილისის აეროპორტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ იმ მასშტაბის გაფართოება განახორციელოს, რა მასშტაბითაც ქვეყანას სჭირდება.
შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამის შესახებ შესაბამისი ვადებიც არსებობს. ისე არ არის, რომ გადაწყვეტილება დღეს და ხვალ იქნას მიღებული. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება - უშუალოდ დეტალებთან, არსებულ კონტრაქტთან დაკავშირებით, ეს სამუშაო პროცესია. თუმცა ფაქტობრივი, არსებული მდგომარეობით, ის, რომ საქართველოს, თბილისს უფრო დიდი აეროპორტი სჭირდება, რომელსაც ექნება უფრო მეტი გამტარიანობა, ობიექტური მოცემულობაა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ: იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გასულ კვირას სამხრეთ კორეაში ვიზიტისას ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.