„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული შედეგის მომტანი უახლოეს ხანებში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფორუმზე კომპანიები შეძლებენ ერთმანეთში სავაჭრო ურთიერთობებზე, გადაზიდვებზე დალაპარაკებას და შეთანხმების მიღწევას.
„შუა დერეფანი დღეს აქტუალურია. შუა დერეფანი არ არის სამომავლო პროექტი, ეს არის მიმდინარე ძალიან აქტუალური პროექტი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროები არის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამწევი ძალა, ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ ამ კუთხით აქტივობა გაიზრდება, გაიზრდება კომპანიებს შორის ურთიერთობა. იცით, რომ წარმოდგენილი არიან როგორც შუა აზიის ქვეყნები, ისე ჩინეთის დელეგაცია. ჩვენ გვყავს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ევროპული კომპანიებიდან. ვფიქრობ, რომ კომპანიები შეძლებენ ერთმანეთში სავაჭრო ურთიერთობებზე, გადაზიდვებზე დალაპარაკებას და შეთანხმების მიღწევას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, სამინისტროს ასევე აქვს შეთანხმებების პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, ეს უკავშირდება კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობას, როგორებიც არის საფინანსო სექტორის განვითარება, ფინტექ-მიმართულებები, ასევე საინვესტიციო მიმართულებებით თანამშრომლობა.
„ამ ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმებს როგორც სამთავრობო დონეზე, ისე სამინისტროსა და კონკრეტულ ბიზნესებს შორის, რათა ჩვენ ხელი შევუწყოთ მომავალში ამ საერთაშორისო კომპანიების საქართველოში საქმიანობას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ ველოდებით უკვე საინვესტიციო აქტივობას. ჩვენ ვიცით, რომ დელეგაციები წარმოდგენილია მსხვილი ბიზნესებით, განსაკუთრებით ეს არის არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ასე რომ, აბრეშუმის გზის ფორუმი უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგის მომტანი უახლოეს ხანებში ჩვენი ეკონომიკისთვისაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.