აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, რობერტა კასალის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველოში იმყოფება და მონაწილეობს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“.
მისივე თქმით, აღნიშნული ფორუმი აძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას, გააძლიერებს და გააუმჯობესებს ვაჭრობასა და ინვესტიციებს.
„აზიის განვითარების ბანკი დაწყებისთანავე ფორუმის პარტნიორია. მე, როგორც აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და მონაწილეობას მივიღებ დისკუსიებში. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას და კონცენტრირებულია იმაზე, როგორ შეძლებს ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა, განვითარდეს სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც არსებობენ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. გარდა ამისა, ეს გააძლიერებს და გააუმჯობესებს ვაჭრობასა და ინვესტიციებს. ფორუმი არის კარგი საშუალება დისკუსიებისთვის და ასევე არის შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს კონტაქტები ფორუმში მონაწილე ქვეყნებს შორის. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკური ზრდის მხრივ, სხვა რეგიონებთან ერთად. საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, რომელსაც შეუძლია, იყოს არა უბრალოდ პარტნიორი, არამედ დიდებული პარტნიორი“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება. ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.