janmedi
ავერსი ნემო

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულდება თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა, რის შედეგად ძველი მგზავრობის დრო - 6 საათი განახევრდება და თბილისიდან ახალციხემდე მგზავრობას მხოლოდ 3 საათი დასჭირდება.

ამასთან, პრემიერის ცნობით, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა და ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა.

გარდა ამისა, როგორც პრემიერ-მინისტრმა რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

“ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენასთან ერთად, არსებული მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო - 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე.

ასევე, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა. დაგეგმილია ჩვენთვის ძალიან მნისვნელოვანი - მგრძნობიარე პროექტის, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო საათნახევრით - 5,5 საათიდან 4 საათამდე შემცირდა, რითაც ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სტუმრები სარგებლობენ, ხოლო სატვირთო მატარებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დრო განახევრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, - განაცხადა პრემიერმა.

67