კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, საყოველთაო ვაქცინაცია სავარაუდოდ მე-III, მე-IV კვარტალში დაიწყება.
"საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო რეგისტრის სიაში მყოფ ადამიანს ახლავე შევთავაზებთ ვაქცინას, საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში, ასეა გეგმის მიხედვით განსაზღვრული," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინების დამატებით დოზებზე, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს "სინოფარმი" და "სინოვაქსის" შემოტანაზე მას შემდეგ, რაც ისინი ავტორიზაციას მიიღებენ, ასევე მეორე კვარტალში იგეგმება "კოვაქსის" პლატფორმის მეშვეობით ნოვავაქსის, ხოლო მესამე კვარტალში "ჯონსონ & ჯონსონის" ვაქცინების შემოტანა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო “ასტრაზენეკას” ვაქცინით, ვაქცინა საქართველომ 13 მარტს მიიღო. წუხელ კი საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის 29.250 დოზა ჩამოვიდა.
ქვეყანაში დღემდე სულ 3818 ადამიანი აიცრა რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მსოფლიოს 135 ქვეყნიდან ვაქცინაციის ტემპით საქრთველო ბოლოდან მეათე ადგილზეა.