სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO [გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია] მოქალაქეებს აფრთხილებენ, არ შეიძინონ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის. გარდა ამისა, ასევე უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.
სააგენტო მოქალაქეებს ურჩევს, ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციონ პროდუქტის ეტიკეტს, რომელიც სარეალიზაციო ობიექტს, გამოკრული უნდა ჰქონდეს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.
გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე, ხორცის დამზადების თარიღი და საათი;
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს – ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6- გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.
სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა, ფრინველი) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.
“FAO [გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია] და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული სურსათის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები,”-აცხადებენ სააგენტოში.