საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ბავშვები საზოგადოების განსაკუთრებული ჯგუფია და მათი უფლებების რეალიზებას მთავრობა სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამით და პროექტით ახორციელებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები საზოგადოების განსაკუთრებული ჯგუფია, მათი უფლებების რეალიზებას მთავრობა სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამით და პროექტით ახორციელებს. 2015 წლიდან „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში დაწესებულია ბავშვის ბენეფიტი. 2022 წელს ეს თანხა 150 ლარამდე გაიზარდა, 2023 წლის ივლისიდან კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ბავშვზე თვეში 200 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, 2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები ნახევარ მილიარდ ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი, მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებები. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი 66 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის ბიუჯეტს დაახლოებით 15 მლნ ლარით აღემატება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა ბავშვების უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მაღალ სტანდარტს აწესებს ბავშვთა უფლებების რეალიზების თვალსაზრისით.