„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს დევნილთა სააგენტომ სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა. დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებელ ადგილას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, სიმონ გულედანმა მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს. ამ ეტაპზე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში კიდევ ასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს. 2025 წლის ბოლომდე სააგენტო სოფლად სახლს, ჯამში, 6 000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის.
ინფორმაციას დევნილთა სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.