გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. დასრულებულია რკინა-ბეტონის არხისა და სალექარის სამშენებლო სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ყორულდაშზე ნაპირსამაგრი დამცავი კედლის მშენებლობაც.
მათივე ინფორმაციით, პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, მომავალი წლის გაზაფხულზე, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება.
„ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე, რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის მიზნით ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები; გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების, მეცნიერების, არასამთავრობო სექტორის და მოსახლეობის მონაწილეობით. შედეგად, მომზადდა პროექტი და დავიწყეთ რეალური ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.