სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველომ სომხეთს აუკრძალა “მაცუნ”-ის სახელწოდებით რძის ნაწარმის პროდუქციის საქართველოს გავლით რუსეთში ექსპორტი. ინფორმაციას სომხური გამოცემა armenpress ავრცელებს.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, მიზეზი მათთვის მისაღებია, რადგანაც საქართველოს დასახელება “მაწონი” გეოგრაფიულ სავაჭრო ნიშნად აქვს დარეგისტირებული.
შესაბამისად, სომხეთმა პროდუქციის რუსეთში ექსპორტი “სომხური მთის იოგურტის” დასახელებით დაიწყო.
“ჯერ კიდევ 2011 წელს სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში სახელმწიფო უწყებამ ევროკავშირის და საქართველოს შესაბამის ორგანოებს მიმართა საქართველოს მიერ დასახელება “მაწონის” რეგისტრაციის წინააღმდეგ იმ მოტივაციით, რომ ეს დასახელება შესაძლოა ვინმეს არეოდა. თუმცა სომხეთში წარმოებულ “მაცუნ”-თან. ეს მიმართვა მაშინ არავის გაუთვალისწინებია”, – განუცხადა არმენპრესს სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა გაიანე ანტონიანმა.
მისივე განმარტებით, სომხური მხარე ცდილობს, საკუთარ კანონმდებლობაში გეოგრაფიული ნიშნების შესახებ ცვლილებები შეიტანოს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მაგალითად, “მაცუნი” გეოგრაფიულ დასახელებად დაარეგისტრიროს. თუმცა”მაცუნ”-ის საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში ექსპორტი შესაძლებელი იქნება მხოლოდ გეოგრაფიული ნიშნების აღიარებისა და დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობითვე, ქართულ-სომხური ერთობლივი სამთავრობო კომისიის სხდომაზე გეოგრაფიული ნიშნების აღიარებისა და დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმებაც განიხილებოდა. ორივე ქვეყნის გეოგრაფიული დასახელებების ნუსხა კი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იქნება განხილული.
აღნიშნული მიზეზით, როგორც რძის პროდუქციის მწარმოებელ ერთ-ერთ სომხურ კომპანიაში აცხადებენ, 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში სომხეთიდან “მაცუნ”-ის დასახელების პროდუქციას საქართველოს საბაჟოზე არ ატარებდნენ.
“მაშინ ეკონომიკის მინისტრის შუამავლობით ნებართვა მოგვცეს, თუმცა მალევე სახელწოდება შევცვალეთ”, – აცხადებს არმენპრესთან საუბარში კერძო კომპანიის წარმომადგენელი კრისტინა კარაპეტიანი.