შუა დერეფანი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, საპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, პორტები, ინვესტიციები - ეს და სხვა საკითხები იქნება საქართველოში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ძირითადი საკითხები, რომლებზეც საქართველოში ორი დღის განმავლობაში პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრების დროს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ფორუმის გახსნამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილმა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივასა და საქართველოს როლზეც ისაუბრა.
„შუა დერეფნის პერსპექტივებთან დაკავშირებით ჩვენი როლი იზრდება, როგორც სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით, ისე საქართველოზე გამავალი დერეფნის მხრივ. სხვადასხვა დერეფანში საქართველო ეფექტურად მონაწილეობს, მათ შორის შუა დერეფნის როლი იზრდება ყველაზე მეტად როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი გზის ალტერნატიული, საიმედო და ასევე უმოკლესი მარშრუტი. ამაზე ჩვენ წლებია ვმუშაობთ, რათა ეფექტიანობა გავზარდოთ. ერთ-ერთი პანელი ამას მიეძღვნება, როცა დაკავშირებადობაზე ვისაუბრებთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სატრანსპორტო კავშირებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ კავშირებზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე და თანამშრომლობაზე მათ შორის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკაზე, ისე რომ საქართველოს როლი არამხოლოდ სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორების მიმართაა გაზრდილი, არამედ ბევრი დარგის მიმართ. ამიტომ ძალიან ფართოა იმ კომპანიების სამოქმედო არეალი, რომლებიც საქართველოს ფორუმის ფარგლებში ეწვივნენ. მე პირადად შეხვედრები მქონდა, ამერიკულ, ჩინურ და ახლო აღმოსავლურ კომპანიებთან, რომლებიც მოღვაწეობენ უძრავ ქონებაში, მშენებლობაში, უსაფრთხოების ტექნოლოგიებში მონაწილეობენ, ენერგეტიკასა და ტელეკომუნიკაციებში, საფინანსო სექტორსა და ა.შ. ფაქტობრივად, ფორუმის ფარგლებში ეკონომიკის ყველა სფერო დაიფარება“, - განაცხადა დავითაშვილმა.