აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს მთავრობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც, თავის მხრივ, შუა სატრანზიტო დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებას განაპირობებს. სახეზე გვაქვს პროგრესი 2014 წელთან შედარებით, შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა. შუა დერეფნისა და, შესაბამისად, საქართველოს გავლით გატარებულმა ტვირთმა 2021 წელს 10 000 TEU-ს გადააჭარბა“, – თქვა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. ლევან დავითაშვილმა ყურადღება შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე გაამახვილა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.