სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში მთლიანი შიდაპროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 284.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდაპროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წლის III კვარტალში 9.4 პროცენტით განისაზღვრა.
„2022 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (74.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (34.7 პროცენტი), მშენებლობა (9.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5.5 პროცენტი).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-14.3 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.3 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-5.7 პროცენტი). მთლიანი შიდაპროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.8 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.4 პროცენტი).
შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.0 პროცენტი), მშენებლობა (7.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.2 პროცენტი)“, – აცხადებენ საქსტატში.