შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიურ კვლევებზე 25 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის ჯამურად დაიხარჯება 220 მლნ ლარი, ხოლო საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის მიმემართება 145 მლნ ლარზე მეტი.
„საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის მიემართება 145 მლნ ლარზე მეტი, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 220 მლნ ლარი, მათ შორის, 25 მლნ ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისთვის გამოყოფილია 60 მლნ ლარი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილია 150 მლნ ლარი“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-29 წლებისთვის“.