შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საქართველო მსოფლიო ბანკს მიმართავს, 75 მლნ დოლარზე წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი – „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ”.
„კერძოდ, საქართველოს ინიციატივით, მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემებს.
ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება.
ამავდროულად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მიმართავს მსოფლიო ბანკს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით 75 მლნ აშშ დოლარის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, რომელზეც წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია ბანკთან, როგორც თანხის ოდენობაზე, ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს გასული წლის 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი.